ბათუმის კულტურის ცენტრი
მიმდინარეობს საიტის ინფორმაციული განახლება

ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი"

ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი
×

ქ.ბათუმის მერიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის შექმნის იდეის ავტორი და დამაარსებელი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი ქორეოგრაფი ენვერ ხაბაძე. ანსამბლი იმთავითვე  დაკომპლექტდა პროფესიონალი მოცეკვავეებით. პირველი კონცერტი გაიმართა 1992 წელს. ანსამბლმა იმთავითვე მოიპოვა მაღალი კლასის შემოქმედებითი კოლექტივის სახელი. უმოკლეს პერიოდში იგი გახდა არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. სხვადასხვა დროს კონცერტები გამართეს მსოფლიოს ცნობილ  საკონცერტო დარბაზებში . გასტროლებზე იმყოფებოდნენ საბერძნეთში, შვედეთში, დანიაში, ისრაელში, სირიაში, ბულგარეთში, რუსეთში, სომხეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, ჩინეთში, იტალიაში,უკრაინაში, თურქეთში, ირანში და სხვა.

2007 წლიდან ქორეოგრაფიული სახელმწიფო ანსამბლი როგორც დამოუკიდებელი საკონცერტო კოლექტივი წყვეტს არსებობას და მისი უფლებამონაცვლე ხდება ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი. /ამჟამად „ბათუმის კულტურის ცენტრი“/ დიდი ხელოვანის ენვერ ხაბაძის გარდაცვალების შემდეგ ანსამბლის ხელმძღვანელი იყო აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი თეიმურაზ ბოლქვაძე, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა დიდი მაესტროს გაკვალული გზა. 2011 წლიდან დღემდე თეიმურაზ ბოლქვაძე ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია. იმავე წელს მთავარ ქორეოგრაფად მოიწვიეს ქართული ნაციონალური ბალეტის ცნობილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი,  პრესტიჟული საერთაშორისო პროექტების  ავტორი, ღირსების ორდენის კავალერი შალვა გოგუაძე, რომელმაც ახალ სიმაღლეზე აიყვანა ანსამბლის საშემსრულებლო ოსტატობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანსამბლი გამოირჩევა, თვითმყოფადობით, საკუთარი ხელწერით, ბრწყინვალე ქორეოგრაფიით და ცალკეული შემსრულებლის არტისტიზმით, განსაცვიფრებელი ტექნიკით და საცეკვაო ფოლკლორული ხელოვნებისადმი ფაქიზი, თანამედროვე, ახლებური მიდგომით.მოცეკვავე შემსრულებელთა პროფესიონალიზმით, საუცხოო მუსიკალური ბენდით. მის რეპერტუარში სასიამოვნოდ არის შერწყმული ძველი და ახალი საცეკვაო ნიმუშები. ეს არის ანსამბლი, რომელიც ინარჩუნებს ქართულ საცეკვაო ტრადიციებს, ვითარდება და ამდიდრებს ქართულ საცეკვაო კულტურას ახალი ქორეოგრაფიული კომპოზიციებით.

ანსამბლის  ქორეოგრაფ-რეპეტიტორები არიან ანსამბლის ყოფილი სოლისტები აჭარის დამსახურებული არტისტები ნუგზარ მიქაძე და მირანდა ბაღდადიშვილი, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით მის შემოქმედებით განვითარებაში.

ანსამბლი შემოქმედებითად დატვირთულია და მონაწილეობას ღებულობს ქალაქისა და ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებში, საქველმოქმედო საღამოებში.

ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა გააგრძელა დიდი ხელოვანის მიერ  დამკვიდრებული აკადემიური გზა და თავისი განუმეორებელი ნიშა  დაიკავა მდიდარ ქართულ ქორეოგრაფიულ პალიტრაში.

 

კონკურსები ფესტივალები

2010 წელს ბურსაში (თურქეთის რესპუბლიკა) 24 ინტერნაციონალური ფოლკლორული ცეკვების კონკურსზე „ოქროს კარაგოზი“ II საპრიზო ადგილი აიღეს.

2012 წელს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ხოლო 2013 წელს თბილისში რუსთაველის თეატრის სცენაზე ჩატარდა ანსამბლის საიუბილეო კონცერტები.

2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში საქართველოს კულტურის დღეებზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ანსამბლმა ერთობლივი კონცერტები გამართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა ჯგუფთან ერთად.

2014 წლის დეკემბერში უკრაინის დედაქალაქის დიდ საკონცერტო დარბაზში „პალაც უკრაინა“ ანსამბლმა სპეციალური მოწვევით მონაწილეობა მიიღო ერთობლივ პროექტში ამერიკაში მცხოვრებ მსოფლიოში ცნობილ მუსიკოს ვასილი პაპადიუკსა და მის ორკესტრთან ერთად. ანსამბლის შემოქმედებამ უკრაინელი მაყურებლის დიდი სიყვარული და აღფრთოვანება დაიმსახურა.

2015 წელს ანსამბლი, როგორც საპატიო სტუმარი, მიიწვიეს პავლე ვირსკის სახელობის უკრაინის ცეკვის სახელმწიფო, აკადემიური დამსახურებული ანსამბლის საიუბილეო საღამოზე. ანსამბლის გამოსვლამ მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფების საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. აღინიშნა მისი განსხვავებული სტილი და საშემსრულებლო ტექნიკა.

2015 წლის ივლისში ანსამბლმა გამართა კონცერტები ლატვიის ქალაქ იურმალას ცნობილ საკონცერტო დარბაზში „ძინტარი“.

ამავე წელს ანსამბლი ბრწყინვალედ გამოვიდა საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის, პროფესორის რეზო (ლაუზ) ჭანიშვილის ვარსკვლავის გახსნაზე.

2016 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამოზე.

2016 წლის ივლისში ანსამბლი დიდი წარმატებით გამოვიდა ლატვიის ხალხური ცეკვის VIII საერთაშორისო ფესტივალზე „სუდმარინა“ და დაიმსახურა მთავარი პრიზი -GRAND PRIX.

2018 წლის მარტში ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ქ. აგრიჯენტოს(იტალია) საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში - "73rd Almond Blossom Festival და მთავარი პრიზი - გრან პრი - დაიმსახურა.

2022 ივლისი ქ. ბურსაში(თუქეთი) გამართული კონკურს-ფესტივალი INTERNATIONAL GOLDEN KARAGOZ FOLK DANCE COMPETITION -  პირველი ადგილი მოიპოვა.

 

ანსამბლის დამსახურებული მოღვაწეები:

თეიმურაზ ბოლქვაძე - სამხატვრო ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საპატიო ბათუმელი.

შალვა გოგუაძე - მთავრი ქორეოგრაფი, ღირსების ორდენის კავალერი, ბრწყინვალების ორდენის კავალერი;

ნუგზარ მიქაძე - ქორეოგრაფ-რეპეტიტორი, აჭარის დამსახურებული არტისტი;

მირანდა ბაღდადიშვილი - ქორეოგრაფ-რეპეტიტორი, აჭარის დამსახურებული არტისტი,

რამაზ სარჯველაძე -აჭარის დამსახურებული არტისტი,

ედიშერ მჟავია -აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსების მედლის კავალერი;

ანზორ კახიძე - აჭარის დამსახურებული არტისტი,

ქეთევან ბოლქვაძე - აჭარის დამსახურებული არტისტი,

ამირან მახარაძე - აჭარის დამსახურებული არტისტი;

რუსლან მახარაძე -აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკი;

ედუარდ სამნიძე - აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკი;

გურამ  ვარშანიძე - აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკი; ბათუმის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;

 

ანსამბლის დაარსების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ დამსახურებული მოღვაწის“ წოდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1 სექტემბრის № 1132 ბრძანებით მიენიჭა – შალვა გოგუაძეს, ნუგზარ მიქაძეს, რამაზ სარჯველაძეს, მირანდა ბაღდადიშვილს, ქეთევან ბოლქვაძეს, ანზორ კახიძეს, ელდარ მჟავიას, დავით გორგილაძეს, ნინო ტუღუშს, ხათუნა დევაძეს, დავით ზაქარაძეს.

ანსამბლის რეპერტუარი: იმერხევური, თარნანინო, ხორუმი, სამაია, სადარბაზო, ალვანური, დოლი-დაირა, ოსური, აფხაზური, ქალ-ვაჟთა, ლაზური, ფარცა, განდაგანა, ხონგა, შეჯიბრი, ნარნარი, მოხევური, მხედრული, თუშური, ჯავარდენი, სვანური, ფარიკაობა.